Skip to main content

იმ ღამეს თოვდა

იმ ღამეს თოვდა.
ოთახში მოწყენილობას მიცემულ სიჩუმეს თოვის ხმის გაგონება არღვევდა. თბილი ღუმლის ირგვლივ შემოვსხდებოდით ხოლმე, რადგან ასე უფრო ადვილი იყო სიცივისგან გაცრეცილი ხელების გათბობა. დრო და დრო, როცა აღუღუნდებოდა ცეცხლი და წამიერად განათდებოდა ოთახი, როცა აკიაფდებოდა ხოლმე სინათლე ჩვენს სახეებზე, ერთმანეთის აციმციმებულ თვალებში ვკითხულობდით სურვილებს - საახალწლოდ. დედაჩემის მშვიდ სუნთქვაში არეული ფიქრები ჩემთვის უკვე გასაგები ხდებოდა. იმდენად გასაგები, რომ ვხედავდი როგორ იძირებოდა მისი ოცნებები.
ეს სცენა მახსოვს, წარსულს წამოდებული ხავსივით და რაც დრო გადის, მით უფრო უმძაფრდება სიძველის გემო.
იმ ღამეს თოვდა.
ჩემს ფიქრებთან ერთად ქუჩაში მარტო მივდიოდი. გავცდი: ცხოვრებისგან დაღლილ სახლებს, სევდა შეპყრობილებს, სიბერისგან გაჭაღარავებულებს, სახურავებზე შემორჩენილ ერთი თმისღერივით მოქანავე ანტენებს, ნაგვის ბუნკრებიდან ამომხტარ კატებს, გზააბნეულ  მანქანებს, გზებს, ღობეებს... გზის ბოლოს ავდგები და იმ ადგილას მივალ, სადაც იანვრის სუსხში გზაზე გაყინული ბეღურა ვიპოვე, როგორც ჩემი სიყვარული, ბედობა დღეს რომ უნდა დამბედებოდა და რომ ვერ დავიბედე. გაზაფხულამდე რომ უნდა მიეღწია და რომ ვერ მივაღწევინე...

22 აგვისტო. 2017 წელი.

Comments

Popular posts from this blog

სულ სხვანირი ზამთარი

დიდი ზვავი ჩამოწვა სკოლის გზაზე!.. - დღეს სწავლა არ იქნება!.. სოფელში ამ ამბით ერთმანეთს ახარებდნენ ხოლმე ბავშვები და ამ მოტივებზე იწყებდნენ ახლად მოსულ, ოდნავ ნაცრისფერ თოვლზე ციგებით სრიალს. მახსოვს, დედა რომ გადაწევდა ფანჯრის რაფებიდან ფარდებს და სევდიანი ხმით იტყოდა: "მოუთოვიაო"... მე კი დედაჩემის არ მესმოდა. "არა... არა და არააა..." არ მესმოდა, როგორ შეეძლო ადამიანს ხვნეშით ეთქვა: -"თოვლი მოვიდაო!.." ჩვენ ხომ ბავშვებს ეგ უბედნიერეს სიხარულს გვანიჭებდა. "შკაფებიდან" გამოვალაგებდით საგულდაგულოდ ზამთრისთვის გადანახულ ტანსაცმელს. უცბად გადავიცმევდით და ზღვა სიხარულით სავსე თვალებით გავრბოდით გარეთ თოვლში სათამაშოდ. ყოველ საღამოს გვესმოდა როგორ ეტყოდა მამა დედას:"-თივა დაგვრჩა მთიდან ჩამოსატანიო..." -"დიდი თოვლის გამო სახლში შეშა ვერ მომაქვსო". დედა კი ნაცვლად იმისა, რომ მამასთვის რამე ეთქვა, ერთს ამოიხვნეშებდა, თითქოს ეს იყო მამას ყველა კითხვის პასუხი. მხოლოდ ერთი ამოხვნეშა. გუშინდელი დღესავით მახსოვს... როგორ ქრებოდა შუქ