დიდი ზვავი ჩამოწვა სკოლის გზაზე!.. - დღეს სწავლა არ იქნება!.. სოფელში ამ ამბით ერთმანეთს ახარებდნენ ხოლმე ბავშვები და ამ მოტივებზე იწყებდნენ ახლად მოსულ, ოდნავ ნაცრისფერ თოვლზე ციგებით სრიალს.
მახსოვს, დედა რომ გადაწევდა ფანჯრის რაფებიდან ფარდებს და სევდიანი ხმით იტყოდა: "მოუთოვიაო"... მე კი დედაჩემის არ მესმოდა. "არა... არა და არააა..." არ მესმოდა, როგორ შეეძლო ადამიანს ხვნეშით ეთქვა: -"თოვლი მოვიდაო!.." ჩვენ ხომ ბავშვებს ეგ უბედნიერეს სიხარულს გვანიჭებდა. "შკაფებიდან" გამოვალაგებდით საგულდაგულოდ ზამთრისთვის გადანახულ ტანსაცმელს. უცბად გადავიცმევდით და ზღვა სიხარულით სავსე თვალებით გავრბოდით გარეთ თოვლში სათამაშოდ.
ყოველ საღამოს გვესმოდა როგორ ეტყოდა მამა დედას:"-თივა დაგვრჩა მთიდან ჩამოსატანიო..." -"დიდი თოვლის გამო სახლში შეშა ვერ მომაქვსო". დედა კი ნაცვლად იმისა, რომ მამასთვის რამე ეთქვა, ერთს ამოიხვნეშებდა, თითქოს ეს იყო მამას ყველა კითხვის პასუხი. მხოლოდ ერთი ამოხვნეშა.
გუშინდელი დღესავით მახსოვს... როგორ ქრებოდა შუქი თოვლის გამო და წამიერად, როგორ ვბრუნდებოდით წინა საუკუნეებში. რამდენიმე დღე. თუნდაც, რამდენიმე თვე. ვერ ვუყურებდით ტელევიზორს. სკოლიდან გათოშილები რომ ვბრუნდებოდით, სასწრაფოდ უნდა გვემეცადინა, რადგან ღამე შუქი არ იყო. მალე მეცადინეობას თუ ვერ მოვასწრებდით, ღამე სანთლის შუქზე შემოვუსხდებოდით ხოლმე ყველანი ერთად, ერთ მაგიდას და ვიწყებდით ხვალინდელი საგნების მომზადებას. შემდეგ კი, როცა სანთელი სულ ჩამოიწვებოდა -ვინღა წავიდოდა თბილისში მის მოსატანად? და მე თითქოს მეჩვენებოდა, რომ ეს თოვლი იყო ჩემი "ყველა უბედურების" მომტანი. ჩემი ყოველი ცივი დღეების მიზეზი. და ვბრაზდებოდი თოვლზე. ვებუტებოდი პატარა ბავშვივით, მანამ სანამ ხელმეორედ არ მოვიდოდა შემდეგი წელი და უკვე ჩვეული ბედნიერების მოლოდინში არ გამახარებდა საახალწლო თოვა...
Comments
Post a Comment